ფეხბურთი 04 თებერვალი ნახვა: 1 628

    თურქულმა კლუბმა აიწყვიტა და 2 საათში უფასოდ 22 ფეხბურთელი დაიმატა

    loading...

    ზამთარში ნამდვილი სატრანსფერო ბუმი არც "ჩელსის" მოუხდენია იგუაინის გადაბირებით, არც "ბარსელონას" - ფრენკი დე იონგის შეძენით და არც "ბარნლის" - პიტერ კრაუჩის მოყვანით, არამედ ეს თურქულმა კლუბმა "ელაზიგსპორმა" შეძლო.

    არადა, "ელაზიგსპორი" თურქეთის სიმძლავრით მეორე დივიზიონში ბოლოსწინა ადგილზეა.

    ამ კლუბზე ბევრმა არაფერი იცის. გუნდს არ ჰყავს მუდმივი მთავარი მწვრთნელი, კლუბს კი ფინანსური პრობლემები აქვს, თან ისეთი, რომ "ტვიტერზე" საკუთარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომ გულშემატკივრები დახმარებოდნენ.

    31 იანვარს კი კლუბმა მოახერხა და ფედერაციასთან შეთანხმებას მიაღწია, ფეხბურთელების რეგისტრაციაზე აკრძალვა მოიხსნა, ხელმძღვანელობამ თითქოსდა აიწყვიტა და

    2 საათში 22 ფეხბურთელის დამატების შესახებ გამოაცხადა.
    ამათგან 12-ს სრულყოფილი კონტრაქტი გაუფორმეს, ხოლო 10 იჯარით მივიდა. ეს მსოფლიო რეკორდია. აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელებში "ელაზიგსპორს" საერთოდ არაფერი გადაუხდია. ყველა, ვინც სრულყოფილი კონტრაქტი გააფორმა, კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.

    თითქმის ყველა ფეხბურთელს ხელმძღვანელობა ადრევე შეუთანხმდა და პარალელურად ფედერაციას რეგისტრაციის აკრძალვის მოხსნაში არწმუნებდა.

    უკვე მეორე დღეს, პირველ თებერვალს, ახალი გუნდი ვარჯიშებს შეუდგა და ახლო მომავალში დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

    ამ დროისთვის კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს.